...ვის მოუვიდა თავში პირველად ეს სიტყვა, ახლაც მიკვირს: "თვითლიკვიდაცია". როგორც ჩანს, "თვითმკვლელობა" არ უნდოდათ დაეწერათ და ეს "თვითვლიკვიდაცია" მოიგონეს, თანაც საბრძოლო ბრძანების ფორმით. ბატალიონის სამ ოფიცერს, რომელთა გვარები ამოიკითხეს, ამ ბრძანების შესრულების შემდეგ ნაღმებით უნდა აეფეთქებინათ გამოქვაბული და თავიათი თავიც. ეს იქნებოდა 276 ოფიცრის ძმათა სასაფლაო.ბრძანება ისეთ პათოსით იქნა წაკითხული, გეგონებოდათ საქმე რომელიღაც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის აღებას ეხებაო. ჩვენც ისეთი შეგრძნება გვქონდა, ვითომ სხვების ლიკვიდაცია უნდა მოგვეხდინა და არა საკუთარი თავისა. ძნელიცაა ასეთ ვითარებაში გარკვევა. იქნებ ჩვენ თვითონ ვიქეცით ჩვენთვისვე "სხვად" და, რაკი ომია, შეიძლებოდა ამ "სხვის" სულ ადვილად მოსპობა, რაც იმავე დროს იქნებოდა ბრძანებით გადაწყვეტილი "თვითლიკვიდაცია"...... და ყველაფერი ეს ხდება გასაოცარი სიმშვიდით. მე მიმძიმს კიდეც აქ სიტყვა "სიმშვიდე" ვიხმარო, იქნებ ეს მოჩვენებითია. ხომ შეიძლება უკანასკნელ საზღვრამდე მისული მღელვარება გადადიოდეს თავის წინააღმდეგობაში, რასაც უკვე განურჩევლობა და აპათია ჰქვია. იქნებ იმდენი ხნის უსმელ-უჭმელობით, უძილობითა და სიკვდილის პირისპირ დგომით მოთენთილი სხეული კარგავს სწორი რეაქციის უნარს და ერთმანეთში ურევს ყოფნა-არყოფნის კარტებს.
Your Comment